ძაღლის ჯიშები

ციმბირული ჰასკი

ციმბირული ჰასკი არის ძაღლი, რომელიც ბევრ ადამიანს ატყვევებს თავისი სილამაზით.
საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჯიშია.უზომოდ ენერგიულები არიან. მათი დაღლა თითქმის შეუძლებელია.

მარხილის ძაღლია და შესაბამისად მისი ფიზიკური სიძლიერე არ ჩამოუვარდება სხვა, მასზე ზომით დიდ, ჯიშის წარმომადგენლებს.

მიუხედავად იმისა, რომ იერით საკმაოდ მკაცრი და ზოგისთვის შესაძლოა ცივი გარეგნობის მქონეა ციმბირული ჰასკი, ისინი უზომოდ ერთგულები და მოსიყვარულეები არიან.

გუნარ კაასენი გახლდათ პირველი, 1925 წლის, დიფტერიის შრატის ნომში ჩამოსატან რბოლაში, რომელმაც 1925 წლის 3 თებერვალს ნომიდან 600-ზე მეტი მილის  დაშორებით, ნენანადან ჩამოიტანა დიფტერიის შრატი ალასკაში.

ეს იყო მარხილის ძაღლებისაგან შემდგარი რამოდენიმე ჯგუფის ერთობლივი რბოლა, რომლებმაც 1085 კმ დაფარეს 5 დღეში. რბოლის ყველაზე გრძელი და სახიფათო მონაკვეთი 146 კმ გაიარა ლეონარდ სეპალამ თავისი მარხილის მეწინავე ძაღლით, სახელად ტოგო. თუმცა რბოლის ბოლო მონაკვეთი 85 კმ – ბლაფიდან ნომამდე დაფარა გუნარ კაასენმა თავისი ძაღლების მარხილით, რომლის მეწინავე ძაღლიც იყო ციმბირული ჰასკი, სახელად ბალტო.

 

ძაღლის ჯიში:                                  ციმბირული ჰასკი

მეტსახელი:                                    ჰასკი, აისიი (ყინულოვანი), საიბი

წარმომავლობა:                               ციმბირი, რუსეთი

ფერი:                                           შავი-თეთრით, რუხი-თეთრით, წითური-თეთრით

ბეწვის ტიპი:                                   ორმაგი, შიდა-რბილი და სქელი, გარეთა-გრძელი ოდნავ უხეში

სიმაღლე:                                       ხვადი – 53 – 60 სმ; ძუ – 51 – 56 სმ

წონა:                                            ხვადი – 20 – 27 კგ; ძუ – 16 – 23 კგ

ლეკვების რაოდენობა:                       9 – 11 ლეკვი

სიცოცხლის ხანგრძლივობა:                 12 – 15 წელი

ციმბირული ჰასკი – წარმოშობის ისტორია

ციმბირული ჰასკი, სამოედი და ალასკური მალამუტი გახლავთ ძაღლის ის ჯიშები, რომლებიც პირველი მარხილის ძაღლის შთამომავლებს წარმოადგენენ. ამას მოწმობს 2004 წლის დნმ-ის ანალიზი.

პირველი მარხილის ძაღლი ერთ-ერთ უძველეს ჯიშად მიიჩნევა, რომელიც მოიშინაურეს, როგორც ადამიანის კომპანიონი ძაღლი.
ტერმინი ”ჰასკი” ზედმეტსახელის – ”ესკი”  დამახინჯებული ვარიანტია, რომელიც უკავშირდებოდა ესკიმოსებს და მათ ძაღლებს.

ციმბირული ჰასკი გამოიყვანეს ჩრდილო-აღმოსავლეთ აზიაში მცხოვრებმა ჩუქჩებმა დიდ მანძილზე და რთულ კლიმატურ პირობებში მძიმე ტვირთის გადასატანად.
ჰასკებისთვის პრობლემას არ წარმოადგენს გრძელი მანძილის დაფარვა, ყველაზე გაუსაძლის პირობებში, ცოტა საკვების მიღების ხარჯზეც კი.

ციმბირული ჰასკების წყალობით გახდა შესაძლებელი ახალი ტერიტორიების ათვისება და უამრავი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა.
აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ფლოტის ადმირალმა რობერტ პერიმ დაიხმარა ეს ძაღლები ჩრდილოეთ პოლუსის ექსპედიციების დროს.

ანადირის მდინარისა და მისი მიმდებარე რეგიონების ძაღლების იმპორტირება ალასკაში დაიწყო ოქროს ციებ-ცხელების დროს, რათა მომხდარიყო მათი გამოყენება მარხილის ძაღლებად.

ხასიათის თავისებურებები

ციმბირული ჰასკი მიიჩნევა მგლის ერთ-ერთ ყველაზე ახლოს მდგომ შთამომავლად, შესაბამისად მას საკმაოდ ბევრი ჩვევა და თვისება აქვს, რომელიც მგელს ახასიათებს.

ჰასკები უფრო ყმუიან, ვიდრე ყეფენ.
თუკი ლეკვობიდანვე კარგად გაიწვრთნება, ციმბირული ჰასკი ოჯახის შესანიშნავი შინაური ცხოველი გახდება.
მისი მგლის მაგვარი იერი ბევრს აღაფრთოვანებს, ბევრს პირიქით აშინებს. სინამდვილეში იგი ძალიან თბილი ბუნებით გამოირჩევა.
ციმბირული ჰასკი მოსიყვარულეა ნებისმიერი ასაკის ადამიანის მიმართ. იგი კარგად ეპყრობა ყველას, ვინც მის გარშემოა, ამიტომ ცუდ მცველ ძაღლს წარმოადგენს. ჰასკის დამორჩილება არც ისე მარტივია, მისი ფუნქციიდან გამომდინარე, ჰასკებს სჩვევიათ დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება. ისინი ადამიანებთან თანამშრომლობენ და არა ემორჩილებიან მათ ბრძანებებს, როგორიცაა დაჯექი, დაწექი და ა.შ.

ასე რომ, თუ ჰასკის ჯიშის ძაღლს შეიძენთ, თქვენ გეყოლებათ კომპანიონი და არა ძაღლი, რომელიც გაპროტესტების გარეშე ბრმად დაგემორჩილებათ.

ციმბირულ ჰასკი ძალიან ენერგიული ძაღლია და სჭირდება ხანგრძლივი, ყოველდღიური ვარჯიში, სულ მცირე დღეში ორჯერ მაინც. ძაღლის ამ ჯიშში ხროვის ინსტინქტი ძალზედ ძლიერია, ამიტომ არ შეიძლება მისი მარტო დატოვება სხვა ცხოველებთან, მაგალითად კატებთან და ჩიტებთან, თუმცა ლეკვობიდანვე მისი გაწვრთნის შემთხვევაში, ჰასკი კარგად ეწყობა სხვა შინაურ ცხოველსა თუ ფრინველს.

ციმბირული ჰასკი საკმაოდ ჭკვიანია და გამოირჩევა მის გარშემომყოფთა მოქმედებებისადმი დაკვირვებულობით და შეუძლია გადაიღოს ყოველდღიური საყოფაცხოვრებო ქცევები, როგორიცაა მაგალითად შუქის თათებით ანთება და კბილებით კარის გაღება.

ზოგიერთი არასასურველი ქცევა, რომელიც ციმბირულმა ჰასკიმ შეიძლება აჩვენოს, მოცავს მაცივრის კარის გაღებას და შიგნით არსებული საჭმლის შეჭმას, ღობეზე გადაძრომასა და უკანა ეზოში გვირაბების თხრას გასაქცევად. ჩამოთვლილი ქცევები შეიძლება თავიდან იქნას აცილებული, თუკი ძაღლი საკმარისად დაიტვირთება.

 

MYDOG.GE გავიგოთ მეტი ძაღლებზე

კომენტარები

grumingi
dzaglebis forumi
To Top