Categories
რჩევები ჯანმრთელობა

ძაღლის მოვლა: აუცილებელი ძაღლების მოვლის წესები

ძაღლი სახლში ნამდვილი სიყვარულის შემომტანია. მიუხედავად იმისა თქვენ გამოცდილი ხართ ძაღლებთან ურთიერთობაში თუ ჯერ მხოლოდ დამწყები, ალბათ უკვე გააზრებული გაქვთ თუ რამდენად მნიშვნელოვანია ძაღლის მოვლა და მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვა. ჩვენ შევეცდებით მოკლედ მიმოვიხილოთ ყველა ის ძირითადი პუნქტი რასაც ეს საპასუხისმგებლო საქმე მოიცავს.

თუ თქვენ ჯერ კიდევ არ შეგირჩევიათ სახლის ახალი ოთხფეხა ბინადარი, გთხოვთ დაფიქრდეთ ძაღლის შვილებაზე. ამით თქვენ შეიძენთ უერთგულეს მეგობარს და რაც მთავარია არ მოგიწევთ არანაირი თანხის გადახდა ძაღლის ყიდვისგან განსხვავებით! მიაკითხეთ საქართველოში არსებულ ნებისმიერ ძაღლების თავშესაფარს და გვენდეთ, თქვენ აუცილებლად იპოვნით უსაყვარლეს მეგობარს…

კვება

  • ლეკვებს რვიდან 12 კვირამდე ჭირდებათ დღეში ოთხჯერადი კვება.
  • სამიდან ექვს თვემდე ასაკის ლეკვებს დღეში სამჯერ.
  • ექვსი თვიდან კი ძაღლებს როგორც წესი დღეში ორჯერ ჭირდებათ კვება.

ზოგიერთ ძაღლს, მათ შორის დიდი ზომის ჯიშებს ხანდახან სამ შედარებით პატარა ულუფად უნაწილებენ საკვებს.

ასევე წაიკითხეთ სტატია: ძაღლებისა და ლეკვების სწორი კვება

თქვენი ძაღლის საკვები აუცილებელია იყოს მაღალი ხარისხის, რადგან მასში იყოს კარგად დაბალანსებული ძაღლისთვის საჭირო ყველა სასარგებლო ნივთიერება. თქვენი ძაღლი შესაძლოა დიდი სიმსუნაგით გამოირჩეოდეს ყველის, კვერცხის, ხილის ან სხვა სახის საკვების მიმართ, თუმცა გაითვალისწინეთ, მსგავსი საკვები არ უნდა აღემატებოდეს მისი დღიური რაციონის 10%-ს.

ლეკვებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაღალი ხარისხის საკვები. მაქსიმალურად შეუზღუდეთ “ადამიანური საჭმელი”, რადგან შესაძლოა შედეგად ვიტამინებისა და მინერალების დისბალანსი, ძვლებისა და კბილების პრობლემები მივიღოთ. ამასთან ერთად ლეკვობიდან გათამამება, ხშირად ძაღლის ხასიათის არასწორ ჩამოყალიბებას იწვევს.

აუცილებელია ძაღლს სუფთა წყალი ყოველთვის ესხას და ჭურჭელი სისტემატიურად ირეცხებოდეს.

გაეცანით სტატიას: ძაღლებისთვის აკრძალული 12 პროდუქტი

ვარჯიში

ძაღლებისთვის ვარჯიში აუცილებელია კალორიების დასაწვავად, გონების გასავარჯიშებლად და ჯანმრთელად ყოფნისთვის. ინდივიდუალური ვარჯიშები დამოკიდებულია თქვენი ძაღლის ჯიშზე, სქესზე, ასაკსა და ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. ვარჯიში ასევე ეხმარებათ ძაღლებს თავი დააღწიონ მოწყენილობას, რაც ხანდახან მათ დესტრუქციულ ქცევას იწვევს.

ინგლისური ბულდოგი ვარჯიშობს წყალში საყვარელ ბურთთან ერთად

გრუმინგი

ძაღლის სისუფთავე და მოვლა ხანდახან საკმაოდ დამღლელი, თუმცა აუცილებელი პროცედურაა. ბეწვის ცვენისგან თავის დასაცავად აუცილებელია ხშირი გამოვარცხნა. შეუმოწმეთ კანი რწყილებზე სისტემატიურად და საჭიროების შემთხვევაში დაამუშავეთ შესაბამისი პრეპარატით.

ძაღლების უმრავლესობისთვის თვეში ერთხელ დაბანა საკმარისია. თუმცა ეს საკითხი საკმაოდ ინდივიდუალურია და დამოკიდებულია პირობებზე, სადაც ძაღლი ცხოვრობს.
დაბანამდე კარგად გამოვარცხნეთ და ამოაჭერით ჩახვეული ბეწვის ადგილები, ხოლო ამის შემდეგ ფრთხილად და ყურადღებით ჩამობანეთ მისი სხეულიდან ჭუჭყი.

შესაძლოა დაგაინტერესოთ: როგორ მოვუაროთ ძაღლის ბეწვს

ხელში აყვანა

ლეკვის ან პატარა ძაღლის ხელში აყვანისას, ფრთხილად მოკიდეთ ერთი ხელი მკერდის მიდამოებში, ხოლო მეორე ხელით დაუფიქსირეთ ტანის უკანა ნაწილი.

არასოდეს აიყვანოთ ძაღლი ფეხებით, კუდით ან ზურგზე არსებული კანით. ამ შეცდომას საკმაოდ ხშირად უშვებენ ძაღლის პატრონები. გაეცანით საინტერესო სტატიას ძაღლთან ურთიერთობისას დაშვებული 10 შეცდომა

თუ თქვენ დიდი ზომის ძაღლის ხელში აყვანა გსურთ, შემოავლეთ ხელები ისე, რომ მჭიდროდ დააფიქსიროთ ის მკერდითა და ტანის უკანა ნაწილით.

ძაღლის სახლი

თქვენს ძაღლს ჭირდება თბილი და წყნარი ადგილი დასასვენებლად. მის დასაწოლად ძაღლის საწოლი იდეალურია, თუმცა შეგიძლიათ გამოიყენოთ დიდი ბალიშიც.

დაალაგეთ და გაწმინდეთ ძაღლის დასაწოლი ადგილი ხშირად. თუ ის დიდ დროს ატარებს გარეთ სირბილსა და თამაშში, აუცილებლად დაუდგით წყალი საძინებელთან ახლოს.

ძაღლის იდენტიფიკაცია და ჩიპი

საქართველოში ძაღლის იდენტიფიკაცია შინაური ძაღლებისთვის ხდება ჩიპირებით. ჩიპი ინექციით შეყავთ კანქვეშ, რომელიც შეიცავს ინფორმაციას ძაღლისა და მისი პატრონის შესახებ. ამ ჩიპებს არ აქვთ GPS ფუნქცია, თუმცა დაკარგვის შემთხვევაში თუ ძაღლი თავშესაფარში აღმოჩნდა, ჩიპის მეშვეობით ხდება პატრონთან დაკავშირება.

რაც შეეხება ქუჩაში მაცხოვრებელ ძაღლებს, მათი იდენტიფიკაცია ხდება ყურზე დამაგრებული სანომრე ნიშნით.

რწყილები და ტკიპები

სასურველია ძაღლის ყოველდღიური შემოწმება ტკიპებსა და რწყილებზე, განსაკუთრებით კი ეს ცხელ სეზონზეა აუცილებელი. არსებობს სპეციალური რწყილების მოსაშორებელი სავარცხელი, რომელიც შეგიძლიათ შეიძინოთ თითქმის ყველა ზოო მაღაზიაში.

რწყილებისა და ტკიპების მოსაშორებლად გამოიყენება

  • სპრეი
  • წვეთები
  • აბები
  • პარაზიტების საწინააღმდეგო საყელო
  • წვრილკბილა სავარცხელი

წამლები

არასოდეს მისცეთ თქვენს ძაღლს წამალი ვეტერინარის დანიშნულების გარეშე. თუ ფიქრობთ რომ თქვენი ოთხფეხა მეგობარი თავს ცუდად გრძნობს, მოიწამლა ან რაიმე აწუხებს, აუცილებლად დაურეკეთ ვეტერინარს და მხოლოდ მასთან კონსულტაციის შემდეგ მიიღეთ შესაბამისი ზომები.

ვაქცინაცია

ძაღლებს ჭირდებათ სხვადასხვა ტიპის აცრა. წელიწადში ერთხელ იცრებიან ორი ტიპის ვაქცინით, ერთი მხოლოდ ცოფის საწინააღმდეგო, მეორე კი რამოდენიმე ვირუსის საწინააღმდეგო გამოიყენება.

ვაქცინაციისთვის აუცილებელია მიმართოთ ვეტერინარს!

ძაღლისთვის საჭირო ნივთები

  • მაღალი ხარისხის ძაღლის საკვები
  • საჭმლის ჯამი, ჭურჭელი
  • წყლის ჯამი, ჭურჭელი
  • სათამაშოები, სათამაშოები და კიდევ უფრო მეტი სათამაშო! მათ შორის საღეჭი სათამაშოები კბილების სიჯანსაღისათვის.
  • სავარცხლები და მაკრატლები გრუმინგისთვის, მათ შორის რცხილების წვრილკბილა სავარცხელი
  • ვეტერინარული პასპორტი და ჩიპი
  • საყელური
  • ძაღლის ჩანთა (პატარა ძაღლებისთვის)
  • საწვრთნელი ნივთები
  • ძაღლის საწოლი ან ყუთი თბილი გადასაფარებლითა და ბალიშით
  • ძაღლის კბილის ჯაგრისი

გაეცანით სხვა საინტერესო სტატიებს

გაუზიარეთ სტატია სხვებს

კომენტარები