Categories
რჩევები ძაღლის ჯიშები

მონადირე ძაღლები: საუკეთესო ძაღლის ჯიშები სანადიროდ

თუ თქვენ სპორტული ნადირობის მოყვარული ბრძანდებით, მაშინ შესაძლოა ძაღლთან ერთად ამ საქმის კეთება კიდევ უფრო წარმატებულად გამოგივიდეთ. მიჩნეულია რომ ადამიანი და ძაღლი მათი მოშინაურების დასაწყისიდანვე ერთად ნადირობდნენ, ეს კი ბევრად უფრო ადრე ხდებოდა ვიდრე აგროკულტურის ეპოქაა. ნადირობა ორივე არსებისთვის გადარჩენისათვის აუცილებელი მოვლენა გახლდათ.

ძაღლი რომ კარგ მონადირედ ჩამოყალიბდეს, ის რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს უნდა აკმაყოფილებდეს, მაგალითად: შესაძლებელი უნდა იყოს მისი ადვილად გაწვრთნა, უნდა გამოსდიოდეს ნადავლის კვალის აღება, გამძლეობა და ათლეტურობაც ძალიან მნიშვნელოვანია. რაც უფრო დაუახლოვდეით თქვენს ძაღლს, უკეთესი მონადირე პარტნიორები გახდებით. ძაღლები სოციალური ცხოველები არიან, დაუთმეთ სათანადო დრო მათ გაწვრთნას და მოვალს.

ბევრი მონადირე ერთგულია თავისი არჩეული ძაღლის ჯიშის და შეჩვეულია მასთან ერთად ნადირობას, საქართველოში საკმაოდ პოპულარულია სეტერი, კოკერ სპანიელი, პოინტერი და სხვა ჯიშის მონადირე ძაღლები.

ჩვენ კი შემოგთავაზებთ მონადირე ძაღლების ჩამონათვალს, რომელსაც სხვადასხვა ქვეყანაში ინტერნეტის მომხმარებლები საუკეთესოდ მიიჩნევენ.

ლაბრადორ რეტრივერი

ლაბრადორ რეტრივერი
ლაბრადორ რეტრივერი

დიახ, სახელს სწორად კითხულობთ. შესაძლოა თქვენ ლაბრადორი როგორც უსინათლო ადამიანების დამხმარე ძაღლი წარმოგედგინათ ან ცანცარა მეგობარი რომელიც ბურთის მოტანაზე უარს არასდროს ამბობს.

თუმცა მიუხედავად მათი საოცრად საყვარელი ბუნებისა, ლაბრადორები ერთ-ერთი საუკეთესო მონადირე “წყლის” ძაღლები არიან. უსაზღვრო ენერგია, სიცივის ამტანობა და სურვილი რაც შეიძლება სწრაფად მოგიტანოთ ნანადირევი, მათ საუკეთესო ძაღლად აქცევს ფრინველზე სანადიროდ. გაითვალისწინეთ, როდესაც ლაბრადორი არ ნადირობს, ის შესანიშნავი მეგობარი და ოჯახის ერთგული წევრია.

ბიგლი

ბიგლი
ბიგლი

ეს ჯიში ერთ-ერთი ყველაზე საკულტო მონადირეა, ბიგლი პატარა ზომის ძაღლია, რომელსაც უზომო ენერგია და დევნის სურვილი გააჩნია. აღსანიშნავია რომ ბიგლებს გამორჩეული ყნოსვა აქვთ.

ეს ჯიში ძირითადად მოკლე ნადირობისას გამოიყენება, კონკრეტულად კი კურდღლებზე. ის სიმაღლეში 30 – 40 სანტიმეტრამდე იზრდება, ხოლო მისი წონა 9-12 კილოგრამამდეა.

პოინტერი

გერმანული მოკლებეწვიანი პოინტერი
გერმანული მოკლებეწვიანი პოინტერი

პოინტერის თხელი ბეწვი მცირე ნაკლად შეიძლება მივიჩნიოთ ძალიან ცივ და თოვლიან გარემოში სანადიროდ, თუმცა თბილ გარემოში სადაც ტემპერატურა მაღალია, ეს სპორტული ჯიში შესანიშნავი მეძებარი კომპანიონია და ერთ-ერთი საუკეთესო ჩიტებზე მონადირე.

არსებობს რამდენიმე სახის პოინტერი, მათ შორის გერმანული გრძელბეწვიანი, გერმანული მოკლებეწვიანი და ინგლისური პოინტერები.

გოლდენ რეტრივერი

გოლდენ რეტრივერი
გოლდენ რეტრივერი

ძირითადად მიჩნეული როგორც “ოჯახის ძაღლი”, გოლდენ რეტრივერები როგორც მათი ბიძაშვილი ლაბრადორები შესანიშნავი მონადირეები არიან. ეს დიდი ენერგიის მქონე ძაღლის ჯიში ძალიან კარგად ნადირობს ფრინველზე და სხვა სახის პატარა ნადავლზე.

ისინი არიან ენთუზიასტი, ერთგული და რაც მთავარია მათი გაწვრთნა ძალიან ადვილია, რადგან უსაზღვროდ ჭკვიანები არიან.

გოლდენ რეტრივერებს ნადირობასთან ერთად კარგი რეპუტაცია აქვთ ბავშვებთან ურთიერთობაში.

ამერიკული მონადირე ძაღლი (ფოქსჰაუნდი)

ფოქსჰაუნდი
ამერიკული ფოქსჰაუნდი

ეს ჯიში ინგლისური მონადირე ძაღლისგან გამოიყვანეს, რომელიც თავდაპირველად მელიებზე სანადიროდ გამოიყენებოდა. დროთა განმავლობაში ამ ჯიშის გამოყენება მოხდა ირმებზე სანადიროდაც.

ეს ჯიში გიჟდება ნადავლის დევნაზე, ის ერთ-ერთი საუკეთესო მორბენალია გრძელ მანძილზე.

ამერიკული ფოქსჰაუნდი დღესაც შესანიშნავ მელიებზე და ირმებზე მონადირედ ითვლება, თუმცა აუცილებლად გაითვალისწინეთ რომ შესაძლოა 21-ე საუკუნეში ეს ქმედება არალეგალური იყოს!

ვეიმარანერი

ვეიმარანერი
ვეიმარანერი

ერთ-ერთი ყველაზე უნიკალური და ელეგანტური შესახედაობის სპორტული ჯიში.

ეს ძაღლი სათავეს გერმანიიდან იღებს, სადაც მათ ყველაფერზე სანადიროდ იყენებდნენ, დაწყებული ჩიტებიდან დამთავრებული დათვებით.

ვეიმარანერის გრძელი ფეხები შესაძლოა უცნაურად მოგეჩვენოთ პირველი შეხედვისას, თუმცა მათი სისწრაფე და სიმშვიდე აღფრთოვანებულს დაგტოვებთ.

ძალიან კარგი მონადირე ძაღლის ჯიში მწყერზე ან სხვა ფრინველებზე სანადიროდ.

ირლანდიური სეტერი

ირლანდიური სეტერი
ირლანდიური სეტერი

თუ პოინტერი საუკეთესო ძაღლია მწყერზე სანადიროდ, ირლანდიური სეტერი იდეალურად ითვლება ინდაურებზე სანადიროდ.

ამ ჯიშის ფესვები სახელიდანაც გასაგებია, რომ სათავეს ევროპიდან, კერძოდ კი ირლანდიიდან იღებს.

აღსანიშნავია ის ფაქტი რომ პრეზიდენტ რიჩარდ ნიქსონს ჰყავდა ირლანდიური სეტერი.

ეს ჯიში ბევრად ძლიერია ვიდრე ერთი შეხედვით გამოიყურება, ის ძალიან შრომისმოყვარეა და უყვარს ფრინველის დევნა.

ინგლისური სეტერი

ინგლისური სეტერი
ინგლისური სეტერი

ინგლისური სეტერის ჯიში გამოირჩევა სირბილითა და ნადირობის უნარებით. ისინი კარგად იწვრთნებიან ნადავლის მოტანაზე, რაც მათ შესანიშნავ ჩიტებზე მონადირე ძაღლად აქცევს.

ამ ჯიშის პოპულარობის გამო დროთა განმავლობაში ის დაიყო ორ ჯგუფად: შოუ კლასის და მინდვრის.

მინდვრის ძაღლები ტანით შედარებით პატარები არიან, მოკლე ბეწვი აქვთ და ძირითადად სანადიროდ გამოიყენება.

შოუ კლასის ინგლისური სეტერები კი გრძელი ბეწვით გამოირჩევიან და ძირითადად სახლის ან შოუ ძაღლები არიან.

მიუხედავად ამისა, მინდვრის ძაღლებიც შესანიშნავი კომპანიონები არიან სახლში თანაცხოვრებისთვის.

ინგლისური სპრინჯერ სპანიელი

სპრინჯერ სპანიელი
ინგლისური სპრინჯერ (მხტუნავი) სპანიელი

ინგლისური სპრინჯერ (მხტუნავი) სპანიელი შესანიშნავი ჩიტებზე მონადირე ძაღლის ჯიშია, რომელიც განსაკუთრებით კარგი ხოხობის მდევარია. ლაბდარორების მსგავსად ასევე კარგად გამოსდის ნანადირევის მოტანა.

ეს ჯიში შედარებით პატარაა, რაც მას შესაძლებლობას აძლევს ნადირობისას ადვილად გადაადგილდეს პატარა ადგილებში. როდესაც ინგლისური მხტუნავი სპანიელი “სამსახურისგან” ისვენებს, ის შესანიშნავი მეოჯახე ძაღლია.

ქუნჰაუნდი (Coonhound)

ქუნჰაუნდი
ქუნჰაუნდი

საქართველოში ენოტი (მტაცებელი ძუძუმწოვარი) არ ბინადრობს, თუმცა ამერიკის ფერმებს საკმაოდ ბევრ თავის ტკივილს უჩენს ეს არსება. ქუნჰაუნდი სწორედ ენოტების პრობლემის მოსაგვარებლად იდეალური მონადირე ძაღლია.

თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ ამ ჯიშმა სახელი პუმებზე და მთის ლომებზე ნადირობით გაითქვა. ამ ძაღლის ჯიშს უსაზღვრო ენერგიასთან ერთად შესანიშნავი ყნოსვა აქვს. ეს ჯიში ფრანგული გასკონიური ჰაუნდისა და ინგლისური ფოქსჰაუნდის შთამომავალია.

გაუზიარეთ სტატია სხვებს

კომენტარები